წინანდლის ფესტივალი მეოთხე სეზონით და პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრით ბრუნდება

2022 წლის სეზონზე წინანდლის ფესტივალი მსმენელს დაუვიწყარ კონცერტებს ჰპირდება. კლასიკური მუსიკის მოყვარულთათვის ნამდვილ დღესასწაულად ქცეული ფესტივალი წელს 2 სექტემბერს გაიხსნება და ათი დღის განმავლობაში წინანდლის ულამაზეს მამულს კიდევ უფრო ჯადოსნურს გახდის.

როგორც თავდაპირველად, ფესტივალის დაარსებისას იყო ჩაფიქრებული, მსმენელის წინაშე კვლავ წარსდგება პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი. პანდემიის გამო, ორწლიანი წყვეტის შემდეგ, 80-მდე ახალგაზრდა მუსიკოსით დაკომპლექტებული სიმფონიური ორკესტრი, მსოფლიოში განთქმულ ვარსკვლავებთან ერთად გამართავს კონცერტებს.

“დღევანდელ დღეს პანკავკასიური ორკესტრის შეკრება აუცილებელია, მისი არსებობა მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს. ქართველებმა კარგად ვიცით, რა არის ომი და ოკუპაცია. და მომავალში ომების თავიდან ასარიდებლად რეგიონის ახალგაზრდებს შორის მეგობრული დიალოგი ყველაზე ქმედით იარაღად გვესახება. სწორედ ამაში მდგომარეობს პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრის შექმნის იდეა”, – ამბობს გიორგი რამიშვილი, სილქ როუდ ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და  წინანდლის ფესტივალის დამფუძნებელი.

გამორჩეული საკონცერტო პროგრამის და კლასიკური მუსიკის სფეროში აღიარებული მუსიკოსების მოწვევის გარდა, წინანდლის ფესტივალის დაფუძნების იდეა საგანმანათლებლო და სამშვიდობო მიზნებს ემსახურება. 2022 წელს, ფესტივლის პროგრამაში პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრის კვლავ დაბრუნება საქართველოს მთავრობისა და შვეიცარიისა და ნორვეეგიის დიპლომატიური კორპუსის მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი. ახალგაზრდა მუსიკოსები უკრაინიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან და თურქეთიდან კვლავ ეწვევიან წინანდალს მშვიდობის და სოლიდარობის კულტურული ხიდის გასამყარებლად.

“ახალგაზრდულმა ორკესტრმა უკვე საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და შვეიცარიის და ნორვეგიის საელჩოების დახმარებით წელს, როდესაც მისი არსებობა, მართლაც რომ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ორკესტრი წინანდალში კვლავ შეიკრიბება. ამ საქმეში დახმარება გაგვიწია საქართველოს კულტურის სამინისტრომ, რომელიც შემოგვიერთდა ფესტივალის ყველა მხარდამჭერს იმ იმედით, რომ ეს საერთაშორისო თანამშრომლობა კარგ მაგალითად იქცევა და მას რეგიონის სხვა ქვეყნებიც აიტაცებენ”, – გიორგი რამიშვილი.

ფესტივალის მსვლელობისას ახალგაზრდა მუსიკოსებს მასტერკლასებს უცხოელი სპეციალისტები ჩაუტარებენ. ამისათვის, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის მიმდებარედ, მუსიკალური ინსტრუმენტებით აღჭურვილი საგანმანათლებლო დაწესებულება და საცხოვრებელი ინფრასტრუქტურა შეიქმნა.

წლევანდელ პროგრამაში სოლისტებს შორის შეხვდებით მსოფლიოში განთქმულ, ისეთ მუსიკოსებს, როგორებიც არიან: რენო კაპუსონი, ლუკას დებარგი, სონგ–ჯინ ჩო, კრიშტოფ ბარატი, ვილდე ფრანგი, დენის კოჟუხინი, კიან სოლტანი, ნოა (ახინოამ ნინი), ლი ლა, ჟულიენ კვენტინი, დევიდ აარონ კარპენტერი და სხვ. მრავალფეროვანი პროგრამა, ღია და დახურულ საკონცერტო დარბაზებში, დილის  და საღამოს კონცერტებზე გადანაწილდება და წინანდლის სტუმრებს დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს შესთავაზებს.

პირველ საფესტივალო დღეს მაყურებლის წინაშე სწორედ პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი წარდგება, დღევანდელობის ერთ-ერთ ვარსკვლავთან, მაო ფუჯიტასთან ერთად. კონცერტს უკრაინელი მუსიკოსი ოკსანა ლინივი უდირიჟორებს. შესრულდება თანამედროვე უკრაინელი კომპოზიტორის ბოჰდანა ფროლიაკის Adagio, რომელიც კომპოზიტორმა თავისი მასწავლებლის ხსოვნას მიუძღვნა. უკრაინაში მომხდარი ტრაგიკული მოვლენების ფონზე შესრულებული Adagio კიდევ ერთხელ გაგვახსენებს მათ, ვინც სამშობლოს თავისუფლებას შეეწირა.

მეორე ნომრად იოჰანეს ბრამსის პირველი საფორტეპიანო კონცერტი შესრულდება. დასასრულს კი,  ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის მეშვიდე სიმფონია, რომელიც კომპოზიტორმა თავის „ერთ-ერთ საუკეთესო ნაწარმოებად“ მოიხსენია. რიჰარდ ვაგნერმა სიმფონიის მუსიკა „სიხარულის ნეტარ თავხედობად“ აღიქვა და მას „ცეკვის აპოთეოზი“ უწოდა. იქნებ მეშვიდე სიმფონიის საცეკვაო რიტმები დაგვეხმაროს, დავივიწყოთ ქვეყნების, ერებისა და ადამიანების გამანადგურებელი ომების მიერ გამოწვეული ტრაგედიები და თუნდაც მცირე ხნით დავტკბეთ „სიხარულის ნეტარი თავხედობით“…

ფესტივალის ფარგლებში წინანდლის მამულში გაბრიაძის სახელობის თოჯინების თეატრის დებიუტი შედგება. ფესტივალის ბოლო დღეს დილის კონცერტზე თქვენს წინაშე წარდგება ორი ამომავალი ვარსკვლავი, გიორგი გიგაშვილი და სანდრო ნებიერიძე.

ფესტივალს დახურავს ვილდე  ფრანგი და პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი ვასილი პეტრენკოს დირიჟორობით. შესრულდება შოსტაკოვიჩის პირველი სავიოლინო კონცერტი და პროკოფიევის მეხუთე სიმფონია.

წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი 2019 წელს წინანდლის ისტორიული მამულის წიაღში,  კომპანია სილქნეტის მხარდაჭერით დაფუძნდა. მდიდარი საფესტივალო პროგრამის შედგენა ფესტივალის თანადამფუძნებლების ავი შოშანისა და მარტინ ენგსტროემის დამსახურებაა, რომლებიც ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე განთქმული ვერბიეს კლასიკური მუსიკის ფესტივალის დამფუძნებლები არიან.  ფესტივალის გენერალური დირექტორია დავით საყვარელიძე.

თუ ჯერაც არ აგირჩევიათ რომელ დღეს ეწვევით წინანდალს, გირჩევთ იჩქაროთ და პროგრამას თვალი ახლავე გადაავლოთ.

Credit: www.marketer.ge